logo
ENG



"პოლიტპატიმარი ვარ და ვკვდები" - მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე

07 აპრ 202311:53
3 წუთის საკითხავი
 
"პოლიტპატიმარი ვარ და ვკვდები" - მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე

Politico საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში მანიაკალური და არაპროვოცირებული სამხედრო შეჭრის ერთი წლისთავი აღინიშნა, საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები კრემლისკენ სვლას აგრძელებენ. ამასთან, სააკაშვილი სტატიაში წერს, რომ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებით დაადასტურა თავისი ერთგულება და სურვილი ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანდეს.

"საქართველოს დემოკრატიული რეგრესი კვლავ გამოიკვეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში, ხოლო დემოკრატიისთვის გლობალური საფრთხე გამოიკვეთა გასულ თვეში პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრის დროს. თუმცა, ამავდროულად, ქართველმა ხალხმა დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და ამგვარი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც თბილისში, პარლამენტის წინ დემონსტრაციებით აჩვენეს.

ეს ყველაფერი [მარტის აქციები] მოხდა რამდენიმე კილომეტრში იმ ციხის საკნიდან, სადაც ვიბრძვი სიცოცხლისთვის და სადაც ასევე ვაგრძელებ დემოკრატიის დაცვას პუტინისა და მისი მოკავშირეებისგან. ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში - ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტის რანგში 2004 წლიდან 2013 წლამდე ვხელმძღვანელობდი და ბევრს ვმუშაობდი დემოკრატიისა და დასავლეთისკენ გადასვლისთვის", - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი წერს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე თვის შემდეგ, ევროპისა და აშშ-ის ლიდერებმა აქებდნენ დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრების მხარდაჭერისთვის და ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატების მიერ საქართველოში დე ფაქტო კონტროლის პერიოდის დასრულებისთვის. მისივე თქმით, 2005 წელს სენატორების ჰილარი კლინტონისა და ჯონ მაკკეინის მიერ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს "დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების საყოველთაო ღირებულებების სახალხო მხარდაჭერის მოპოვების გამო".

მესამე პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, დასავლელი ლიდერები მას, ისივე როგორც უკრაინის ომის დაწყებისას ვოლოდიმირ ზელენსკის, სთავაზობდნენ ქვეყნის დატოვებას, თუმცა მან ამ მოწოდებაზე უარი უარი თქვა. ის იმაზეც საუბრობს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

სააკაშვილი ასევე 2012 წლის არჩევნებსაც იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას, რომელიც მოხდა რეგიონში დემოკრატიული არჩევნების შედეგად.

"იმ დროს და 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი გამეფრთხილებინა ჩემი დასავლელი კოლეგები პუტინის იმპერიალისტური ამბიციების და მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის შესახებ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა გამოხატა საჭირო მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს საქმესთან, როგორც ჩანს, ცოტამ თუ აღიქვა სერიოზულად პუტინის მილიტარიზმის საფრთხე. როგორც ჩანს, კრემლის სასაცილო ნარატივი იმის შესახებ, რომ ჩემმა მთავრობამ რატომღაც მოახდინა ომის პროვოცირება, დასავლეთში ბევრისთვის საკმარის ეჭვს იწვევდა, რათა დაერწმუნებინათ თავი, რომ პუტინს არ ჰქონდა უფრო ფართო რევანშისტული მიზნები. რა თქმა უნდა, უკრაინის ომმა გამოავლინა პუტინის ჭეშმარიტი იმპერიალისტური ამბიციები, აღედგინა საბჭოთა იმპერია მისი ყოფილი ტერიტორიების ანექსიით, თუმცა არ ვარ კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ მართალი აღმოვჩნდი. კაცი, რომელიც ერთხელ მემუქრებოდა "კვერცხებით ჩამოკიდებით", უდავოდ, საბოლოოდ პასუხისმგებელია ჩემს ამჟამინდელ გაჭირვებაზე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი ქართულ ოცნებაზეც წერს და აღნიშნავს, რომ პარტია ამ დრომდე კულისებიდან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება - "ადამიანით, რომელმაც თავისი ქონება 1990-იან წლებში მოსკოვში მოიპოვა და, როგორც ცნობილია, მჭიდრო პუტინთან აქვს კავშირები".

სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა - 80% - მხარს უჭერს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას, "მმართველი პარტია ავლენს მზარდ სოლიდარობას რუსეთთან".

ის საქართველოში დაბრუნებას და მის შემდგომ დაკავებასაც ეხმაურება. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და მათ "მხოლოდ კრემლი და საქართველოს დღევანდელი მთავრობა მიიჩნევენ ლეგიტიმურად".

"როდესაც საქართველოში დავბრუნდი 2021 წლის ოქტომბერში, რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერად, ვიყავი ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის კაცი... და პატიმრობაში, ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა; ახლა ვკვდები. სისტემატურად მაწამებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად და ამჟამად სხეულში მძიმე მეტალების მოწამვლის ნიშნები მაქვს. ახლა მაწუხებს 20-ზე მეტი სერიოზული ავადმყოფობა, რომელთაგან ყველა განვითარდა პატიმრობაში...

ასევე სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ ყველაფრის ფონზე, თებერვლის შუა რიცხვებში, ევროპარლამენტმა გამოსცა რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვდა ჩემს გათავისუფლებას და ასევე აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა. ამავდროულად, ქართული ოცნების მთავრობა აგრძელებს დასავლელი ლიდერების დაცინვას, ხალისით უყურებს საქართველოს ევროპული მომავლის სწრაფ დაშორებას და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებს", - წერს სააკაშვილი Politico-ს სტატიაში.

მან სენატორებს ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს მადლობა გადაუხადა მისი ჯანმრთელობით დაინტერესებისთვის, რომლებიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ და მისი მონახულების სურვილი გამოთქვეს, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ამის უფლება მათ არ მისცა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სხვა სენატორებსა და კონგრესმენებსაც, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"კონგრესისა და ბაიდენის ადმინისტრაციის დახმარების გარეშე, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტებთან ერთად, ამჟამინდელი ხელისუფლება გააგრძელებს თვალის დახუჭვას არა მხოლოდ დემოკრატიაზე, არამედ კანონის უზენაესობაზე, ხოლო ადამიანის უფლებების ფუნდამენტური საყრდენები კვლავ ჩამოიშლება საქართველოში", - წერს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი ისევ მოუწოდებს ამერიკასა და საერთაშორისო საზოგადოებას, "გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად - საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით".

"ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი მოწამეობა, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად - ძლევამოსილი სიმბოლო ამ რეგიონის ყველა ლიდერისთვის და, შესაძლოა, მსოფლიოსთვის, რომლებიც ვერ აღუდგებიან რუსულ იმპერიალიზმს.

თუმცა, თუ აშშ-ის კონგრესსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შეეძლება იმუშაოს ევროკავშირთან, რათა უზრუნველყოს ჩემი გათავისუფლება სანქციების, ეკონომიკური ემბარგოების, დაფინანსების შეჩერებისა და სავიზო შეზღუდვების გზით, ეს არა მხოლოდ მორიგი დარტყმა იქნება პუტინისთვის, არამედ ის ასევე გაგზავნის ძლიერი სიგნალს იმისა, რომ აშშ და ევროპა რჩებიან დემოკრატიის, წესიერებისა და სამართლიანობის იდეალების ერთგული. იმ იდეალების, რომლებზეც ერთხელ პრეზიდენტმა ბაიდენმა მითხრა, რომ შემიძლია დავეყრდნო", - წერს სააკაშვილი.


close დახურვა